საერთაშორისო კონფერენცია ალბათობის თეორია და სტატისტიკა ( 2015)
საერთაშორისო კონფერენცია ალბათობის თეორია და სტატისტიკა ( 2015)

საერთაშორისო კონფერენცია ალბათობის თეორია და სტატისტიკა (თბილისი, თსუ, 6–12 IX, 2015, International Conference on Probability Theory and Statistics).  ღონისძიება წარმოადგენდა მნიშვნელოვან სამეცნ. საერთაშ. ფორუმს ალბათობის თეორიისა და სტატისტიკის სფეროში, რომლის ჩატარების იდეა ეკუთვნოდა პროფ. ესტატე ხმალაძეს და მისი ერთ-ერთი მიზანი იყო პროფ გ. მანიას მიერ დაწყებული საერთაშ. კონფერენციების სერიის გაგრძელება (1963). კონფერენცია ორგანიზებული იყო თეორ. და გამოყენებითი კვლევის მიღწევების განვითარების, სამეცნ. დიალოგისა და ამ სფეროებში საერთაშ. თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით. კონფერენციაში მონაწილეობდნენ დარგის აღიარებული სპეციალისტები და მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ევროპიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან, აზიიდან და სხვა რეგიონებიდან. ისინი იყვნენ როგორც უნ-ტების (მაგ., საფრანგეთი, ბელგია, კანადა, შვეიცარია, ავსტრალია, ნიდერლანდები, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, იაპონია და სხვა), ასევე სამეცნიერო კვლევითი ცენტრებისა და აკად. დაწესებულებების წარმომადგენლები. მხოლოდ უცხოელ მონაწილეთა რაოდენობამ 30-ზე მეტი ქვეყნიდან 50-ს გადააჭარბა, რაც ხაზს უსვამს კონფერენციის იდიდეს საერთაშ. მნიშვნელობას და მისადმი ფართო გლობალურ ინტერესს. საერთაშ. პროგრამული კომიტეტი: ჯ. ჰ. ჯ. ეინმალი (ტილბურგი), ს. გუგუშვილი (ლეიდენი), ე.ვ. ხმალაძე (თავ-რე, ველინგტონი), რ. ჯ. ა. ლავენი (ამსტერდამი), რ. მ. მნაცაკანოვი (მორგანთაუნი), ე. ნადარაია (თბილისი), ვ. შტუტე (გესენი). საორგანიზაციო კომიტეტი: ო. ფურთუხია, მ. ნადარეიშვილი, მ. მანია, გ. მირზაშვილი და სხვები. პრეზენტაციები და დისკუსიები ასახავდა როგორც თეორიულ, ისე გამოყენებით ასპექტებს შემდეგი მიმართულებებით: პარამეტრული და არაპარამეტრული სტატისტიკა; ალბათური და სტატისტ. პრობლემები მაღალგანზომილებიან სივრცეებში; ემპირიული პროცესები და სტოქასტური მოდელირება;  სტოქასტური პროცესები ფინანსებსა და დაზღვევაში; სტატისტ. მეთოდები ფინანსურ, ასტროფიზიკურ და სხვა მეცნიერებათა სფეროებში. კონფერენციამ ხელი შეუწყო: კვლევის ახალი მიმართულებების გაცნობისა და მეთოდების განხილვის შესაძლებლობას; საერთაშ. სამეცნ. თანამშრომლობას, მაგალითად, ევროპის, ამერიკის და აზიის უნ-ტების მეშვეობით; მათემატიკურ სკოლებს შორის მაღალი დონის კვლევების ინტეგრაციას. კონფერენცის დასრულების  შემდეგ, 13-16 სექტემბერს, მონაწილეთა ნაწილმა გადაინაცვლა სტეფანწმინდაში და გააგრძელა მუშაობა სემინარების (workshop) ფორმატით, რომლის მიზანი იყო დისკუსიების გაფართოება კონკრეტულ სფეროებში შესაძლო სამომავლო თანამშრომლობის დასახვის მიზნით.